რა არის Metaverse?

Giorgi Tsiklauri
4 min readOct 28, 2021

2021 წლის ივლისში, Facebook-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარქ ზაქერბერგმა, მისი მორიგი საჯარო ეთერის დროს განაცხადა, რომ მას, და მის რამდენიმე თანამოაზრეს, აქვთ ერთი ძალიან დიდი და ინტერნეტის კონცეფციაში ფუნდამენტური, რევოლუციური ცვლილებების შემომტანი იდეა — მეტავერს (The Metaverse) კომპანიის შექმნა.

მახსოვს, ამ პირდაპირ ეთერს, თავიდან ბოლომდე ვუსმინე, და მეც - ადამიანი, რომელსაც ალბათ, ცხოვრების ამ ეტაპზე, იშვიათად აღმაფრთოვანებს ხოლმე ტექნოლოგიური სიახლეები — გაოგნებული დავრჩი.. მართლა გაოგნებული.. როგორც იდეით, ასევე ამ იდეის რეალიზაციის (და არა “იმპლემენტაციის”) შესაძლებლობით.

აქამდე, Facebook, ჯერ ტექსტური ინფორმაციის, შემდეგ უკვე ვიზუალური და აუდიო ინფორმაციის, ბოლოს კი — მობილური სოციალიზაციის ტექნოლოგიური პლატფორმა იყო; დღეს, Metaverse, იქნება ის სოციალური გამოცდილება, რომლის ნაწილიც უშუალოდ თქვენ, ფიზიკურად — თითქმის, ხოლო აღქმით კი აბსოლუტურად რეალურად იქნებით: თქვენ და თქვენი გარშემომყოფნი, ერთ რეალურ ადგილას, ერთ სივრცეში, დროის ერთ მომენტში.

დავიწყოთ სულ თავიდან.

ალბათ უმეტესობას გვსმენია ინგლისური სიტყვა “Universe”, რომელიც ქართულად, სამყაროს ნიშნავს. ამ სიტყვის ეტიმოლოგიაში თუ ჩავიხედებით, მას ლათინური ფესვები აქვს და იგი შედგენილია ორი სიტყვისაგან — “Uni” და “Versus”, ერთად - “Universus”.

“Universus”, ანუ “Universe”, პირდაპირი სემანტიკური თარგმანებით “ერთ მთლიანში გაერთიანებული”-ს ნიშნავს.

Universe

— რა არის “Metaverse”-ის იდეა?

— დაახლოებით იგივე რაც “Universe”-ს, ოღონდ ციფრულ, ვირტუალურ რეალობაში.

“Metaverse”-ის კონცეფცია და არსი, ნამდვილი, ყოველდღიური სამყაროს, ანუ “ყველაფრის”, ე.წ. დამატებითი (Augmented), ვირტუალური (Virtual) რეალობის განზომილების შექმნაა. შესაბამისად, Facebook-ის Metaverse-ად გარდაქმნით (უფრო სწორად — გაფართოებით), ამ ორგანიზაციას (და მის პარტნიორებს, რადგან ამ პროექტის უკან, არ დგას მხოლოდ Facebook) აქვს პრეტენზია აღარ იყოს მხოლოდ სოციალური ქსელი, არამედ, ამიერიდან, იყოს ე.წ. ტექნოლოგიური სოციალური სამყარო — Metaverse.

წარმოიდგინეთ, რომ ის, რასაც თქვენ, ყოველდღიურად, თქვენს მეგობრებთან, ნათესავებთან, ნაცნობებთან, თანამშრომლებთან (თუ ა.შ.) ერთად აკეთებთ, ამიერიდან, იყოს შესაძლებელი გააკეთოთ ისევ მათთან ერთად, ოღონდ დამატებით, ვირტუალურ განზომილებაში. დიახ, მეტავერსში თქვენ ყველაფერს გააკეთებთ რასაც გააკეთებდით რეალურ ცხოვრებაში — შეიკრბებით მეგობრებთან, ითამაშებთ ფეხბურთს რომელიმე თქვენთვის საყვარელ სტადიონზე, წახვალთ საყიდლებზე თქვენს მეგობრებთან ერთად, ისეირნებთ ბავშვებთან ერთად და ა.შ. — და ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული ფიზიკური ადგილიდან (ასე ვთქვათ — სახლიდან გაუსვლელად).

საქმე იმაშია, რომ აქ, როდესაც ვიყენებთ ფრაზას “ვირტუალური განზომილება” არ ვგულისხმობთ ვიდეო ზარს, მხოლოდ AR (Augmented Reality) სათვალეებს, წარმოსახვით რეალობას თუ ა.შ. აქ, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ იმ სინამდვილის ვირტუალიზაციას (ვირტუალურ აქტივებად გარდაქმნას), რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

მაგალითად:

გუშინ, მეგობარმა, კაფეში დამპატიჟა - შევხვდეთ, ვისაუბროთ, ვივახშმოთ და შემდეგ ბილიარდი ვითამაშოთო. ეს მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია, რადგან, მგონია, რომ კარგი მაგალითია, სივრცისა და დროის სხვადასხვა მონაკვეთში, დამატებითი განზომილების და ამ განზომილებაში არსებული ვირტუალური აქტივების დახმარებით, რეალობის ვირტუალიზაციისა და ამავდროულად რეალობაში დარჩენისთვის.

კერძოდ, Metaverse-ის გამოყენებით, შესაძლებელი იქნებოდა შევხვედროდი, გვესაუბრა, გვევახშმა და ბილიარდიც კი გვეთამაშა, რეალური, ფიზიკური აღქმით, ოღონდ სახლიდან გაუსვლელად. ანუ — თითქმის რეალურად, აღქმით რეალურად, ხედვითა და თითქმის ყველა სენსორული შეგრძნებით რეალურად, ოღონდ — სახლიდან გაუსვლელად.

რა არის დამატებითი განზომილება, ვირტუალური აქტივი, და როგორ ვისეირნებ გარეთ, მაშინ, როდესაც სახლში ვარ?

ვირტუალური აქტივის იდეა ის არის, რომ თქვენც, ნივთებიც, გარემოც, სივრცეც, პროდუქციაც, ხეც, მიწაც, ბურთიც და მანქანაც (და ა.შ.) — ყველაფერი ჰოლოგრამები იქნება(ით).

თქვენი ტელევიზორი, სამუშაო მაგიდა, მანქანა, თვითმფრინავი (რომელიც, რეალურად, ალბათ არასდროს გყოლიათ და ვერც იყიდით) — რეალური, ფიზიკური აქტივების ნაცვლად (რომლებიც წლობით იწყობა და მზადდება ფაბრიკა-ქარხნებში ) — ჰოლოგრამები იქნება, ხოლო ამ ჰოლოგრამების შექმნა, ყველას შეეძლება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ამ სამყაროში (Metaverse-ში), თქვენ, როგორც ჰოლოგრამას, შეგეძლებათ მომენტალური ტელეპორტირება ამა თუ იმ ადგილზე (ოფისში, კონცერტზე, საყვარელ ქალაქში, თუ ა.შ.) და შეგეძლებათ ეკონტაქტოთ თქვენს არეალში არსებულ, ყველა სხვა ჰოლოგრამას (ან — გამოიყენოთ თქვენს არეალში არსებული, ყველა სხვა ჰოლოგრამა).

ამგვარი ტელეპორტაციით დაზოგავთ მოძრაობის დროს, აიცილებთ თავიდან ეკოლოგიისთვის მავნე გამონაბოლქვს, დაივიწყებთ სატრანსპორტო საცობებს, შეამცირებთ სახარჯ რესურსებს და ა.შ. — უბრალოდ გაჩნდებით იქ, სადაც გინდათ, და როცა გინდათ; გააკეთებთ იმას, რაც გინდათ, სადაც გინდათ და როგორც გინდათ (ცხადია, არსებული/ხელმისაწვდომი ჰოლოგრამებისა და მომავალში, სავარაუდოდ, უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩოების ფარგლებში).

აი, ეს ყველაფერი — სრულიად რეალური სამყაროს “რეალური” ვირტუალიზაცია, ქმნის იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ “დამატებით რეალობას”, ანუ Augmented Reality-ს; ოღონდ, ეს შემთხვევა იმით არის განსაკუთრებული (და გამაოგნებელი), რომ ეს AR, გაცილებით შორს სცდება ერთ კონკრეტულ თამაშს, ფილმს, თუ ნებისმიერი სხვა სახის ერთ კონკრეტულ ვირტუალიზაციას. ამ შემთხვევაში, საქმე, რეალური სამყაროს დამატებითი განზომილებით ვირტუალიზაციასთან გვაქვს.

Metaverse-ის სრული რეალიზაციისთვის, ძირითადად, სამი ტექნოლოგია იქნება საჭირო:

  • Augmented Reality სათვალეები — ფიზიკური სამყაროს აღქმისა და რეალურ სივრცეში დარჩენისთვის;
  • Virtual Reality ტექნოლოგია — რეალობის სრული ვირტუალიზაციისთვის; და
  • მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ან სხვა შესაბამისი მოწყობილობა — ამ სამყაროში (მეტავერსში) შესვლისთვის, როგორც, დღეს, მაგალითად, შედიხართ www.facebook.com-ზე.

ზაქერბერგი ამბობს, რომ ეს არ იქნება ეკრანებთან უფრო მეტი დროის გატარების მახე.. ეს იქნება იმ დროის გაუმჯობესება, რასაც უკვე ვატარებთ ეკრანებთან.

--

--

Giorgi Tsiklauri
Giorgi Tsiklauri

Written by Giorgi Tsiklauri

Software engineer, architect, lecturer; long while w/ computers and music; interested in software design, computer networks, composition, security and privacy.

No responses yet